მე მაკო ვარ 24 წლის, ექთანი!
19 წლის ვიყავი ტვილდიანის საექთნო კოლეჯში, რომ დავიწყე სწავლა. თავიდან ვერც კი ვაცნობიერებდი რას შევეჭიდე, რადგან არ ვიცოდი ექთნის მნიშვნელობა სამედიცინო სფეროში. ხალხმა დღემდე არ იცის თუ რამხელა საქმეს აკეთებს კლინიკაში, ეს ერთი შეხედვით, პატარა რგოლი – მეტიც – ვიტყვი რომ კლინიკის საძირკველი ექთანია.
კოლეჯში სწავლა არ იყო ადვილი: კონსპექტებზე გათენებული ღამეები, პრაქტიკული და თეორიული გამოცდები, პრეზენტაციები – ეს ყველაფერი დიდ შრომას მოითხოვდა. კოლეჯში მისვლიდან ჩემს ლექსიკონში სიტყვა „ვერ შევძლებ“ აღარ მოიპოვებოდა. გარდა საექთნო საქმის სიყვარულისა, ბევრი რამეს გვასწავლიდნენ, რაც აუცილებელი იქნებოდა ჩვენს საქმეში წინსვლისა და განვითარებისთვის.
შემდეგ დავიწყე სტაჟირება ბოკერიას კლინიკაში, საოპერაციოში. თავიდანვე ვიცოდი, რომ საოპერაციო მედდა ვიქნებოდი. სხვა განყოფილებაში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა. ალბათ, ამიტომ გამიადვილდა ყველაფერი, რადგან ვთვლი თუ იცი რა გინდა და შენი საქმე გიყვარს, მაშინ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას შენს საქმეში. რთულია იმ გზას გადაუხვიო და იმ პრინციპებზე თქვა უარი, რომელიც ასე ღრმად ჩანერგეს შენში. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკაში მისვლის დღიდან ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის პაციენტია.
სტრესი, დაღლილობა, დატვირთული გრაფიკით მუშაობა, მეტი პასუხისმგებლობა – ექთნებს ამ ტვირთით უწევთ მუშაობა და ცხოვრება. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში ვყოფილვარ. დამწყები მედდის პოზიციიდან დაწყებული უფროს მედდის პოზიციამდე ბევრი რთული დღე გამოვიარე. ბევჯერ დავეცი, მაგრამ არ დავნებდი. ყოველთვის წინსვლაზე ვიყავი ორიენტირებული და მინდოდა ერთ-ერთი საუკეთესო ვყოფილიყავი ჩემს საქმეში. ახლაც იმაზე ვფიქობ ახალი რა ვისწავლო, წინ როგორ წავიდე, როგორ გავხდე სხვა ექთნებისთვის მოტივაცია და როგორ ვასწავლო საკუთარი პროფესიის ფასი. მე უკვე საოპერაციოს უფროსი ექთანი ვარ. პასუხისმგებლობა მაქვს თითოეულ ექთანზე, მათ ქმედებასა და პროცესის შეუფერხებლად წარმართვაზე.
მე მაკო ვარ და #მეამაყებარომვარექთანი.