საერთაშორისო კონფერენციაზე პროფესიული განათლების ხარისხისა და მასწავლებლის როლის შესახებ ფართო პროფესიული დიალოგი შედგა.
2026 წლის 20 ნოემბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე „პროფესიული განათლების ხარისხი: მასწავლებლის როლი“.
ღონისძიებას ინტერბიზნესის აკადემიამ უმასპინძლა. ჰიბრიდულმა ფორმატმა მონაწილეებს როგორც ადგილზე, ისე ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მისცა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ კერძო და საჯარო კოლეჯების მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი, სფეროს ექსპერტები და საერთაშორისო მომხსენებლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები. მონაწილეთა მრავალფეროვანმა შემადგენლობამ შექმნა სივრცე სასწავლო პრაქტიკის, ინსტიტუციური მართვისა და განათლების პოლიტიკის საკითხების ერთობლივად განხილვისთვის.
საერთაშორისო სესიაში ETF-ის წარმომადგენელმა მუნირ ბაატიმ, EfVET-ის ვიცე-პრეზიდენტმა სილვია ლიუტიმ, სომხეთის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა რუბენ ტოპჩიანმა და ისრაელის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, დოქტორმა იარონ დოპპელტმა განიხილეს ხარისხის უზრუნველყოფაში მასწავლებლის როლი, ევროპული კოლეგიური შეფასება, რეგიონული გამოცდილება და სწავლების ინოვაციური მიდგომები.
შემდგომი სესიები დაეთმო უნარებზე მოთხოვნის ცვლილებას, მასწავლებელთა საჭირო კომპეტენციებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს. პანელურ დისკუსიებში კოლეჯის ხელმძღვანელის, დამსაქმებლის, მასწავლებლის, სტუდენტისა და ხარისხის ექსპერტის პერსპექტივები გაერთიანდა. განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის მოთხოვნები და პასუხისმგებლობები, რომლებსაც სისტემა დღეს მასწავლებელს აკისრებს, მათ შორის მისი სამუშაო დატვირთვა და ადმინისტრაციული ფუნქციები.
ასოციაციის პრეზიდენტმა კახაბერ ერაძემ აღნიშნა, რომ კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ეტაპზე, როდესაც საქართველოში მასწავლებელთა მომზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვა იწყება. ამ პროცესს სჭირდება კოლეჯების, მასწავლებლების, დამსაქმებლებისა და პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლობა, რათა ახალი მიდგომები რეალურ საჭიროებებს პასუხობდეს და მასწავლებლის მხარდაჭერას უზრუნველყოფდეს.
„ჩვენ – კერძო და საჯარო კოლეჯებს, მარეგულირებლებს და ზოგადად სისტემას – ერთი საერთო საზრუნავი გვაქვს: პროფესიული განათლების ხარისხი. სწორედ ამ საერთო მიზნის გარშემო უნდა შევძლოთ თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება, გამოწვევებზე ღიად საუბარი და გადაწყვეტილებების ერთად მიღება“, – აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა.
კონფერენციის ფართო წარმომადგენლობითობამ და საერთაშორისო მონაწილეობამ ხელი შეუწყო საერთო გამოწვევების სხვადასხვა პერსპექტივიდან გააზრებას.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისთვის ასეთი დიალოგი მნიშვნელოვანი საფუძველია თანამშრომლობის გასაგრძელებლად და იმ პრაქტიკული მიდგომების გასავითარებლად, რომლებიც მასწავლებლის საქმიანობასა და სტუდენტის სწავლის ხარისხს აუმჯობესებს.


















