დამფუძნებლის შესახებ ინფორმაცია
მთავარი / ჩვენ შესახებ / დამფუძნებლის შესახებ ინფორმაცია
უკან
დამფუძნებლის შესახებ ინფორმაცია
საერთაშორისო მედიცინის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების მომზადება და უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა.
ამ მიზანს ემსახურებოდა 1989 წელს დიმიტრი ტვილდიანის თაოსნობით „ქართველ ექიმთა უცხოეთში სპეციალიზაციის ფონდის“ დაარსება. ფონდში 200-ზე მეტი ახალგაზრდა ექიმი-სპეციალისტი გაერთიანდა. მათი საერთო მიზანი იყო ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდის (USMLE) წარმატებით ჩაბარება და შემდგომ რეზიდენტურის კურსის გავლა ამერიკასა თუ სხვა მოწინავე სახელმწიფოების წამყვან კლინიკებში. ამ მიზნისთვის ფონდმა შეიძინა შესაბამისი პროგრამები და სახელმძღვანელოები, თუმცა აღნიშნული პროგრამების დამოუკიდებლად დაძლევა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ მიზეზის გამო 1991 წლის 18 დეკემბერს დიმიტრი ტვილდიანმა და აკად. დავით ტვილდიანმა დაარსეს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი - „აიეტი“. იმავე წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარდგინებით (011/13 18 .12.91) სასწავლებელს განათლების სამინისტროს მიერ მიენიჭა ლიცენზია (#5-08-2/12;29.01.92).
„აიეტის“ დაარსება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაუდებელ ეროვნულ საქმედ მიიჩნიეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა: აკადემიკოსებმა -ვახტანგ ბოჭორიშვილმა, ვაჟა ოკუჯავამ, თამარ დეკანოსიძემ, გივი დუმბაძემ, ნუგზარ ტატიშვილმა, დავით ტვილდიანმა; პროფესორებმა - თამაზ კერესელიძემ, ლეილა ტყეშელაშვილმა, ირაკლი მეგრელაძემ და სხვ.
„აიეტი“ ერთ-ერთი პირველი არასახელმწიფო უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია საქართველოში. 2011 წლიდან მას აკად. დავით ტვილდიანის საპატივცემულოდ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ეწოდა. სტუდენტთა პირველმა მიღებამ სწავლა დაიწყო 1992 წლის 31 აგვისტოს. 1997 წელს 6 ივლისს უნივერსიტეტმა გამოუშვა კურსდამთავრებულთა პირველი თაობა. 2005 წლის 4 თებერვალს „აიეტს“ მიენიჭა სახელმწიფო აკრედიტაცია.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობარში (WHO AVICENNA Directors of Medical Schools) და წევრია :
• ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციისა (Assosiation for Medical Education in Europe)
• ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციისა (Assosiation for Medical Schools in Europe)
• ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვითი სადოქტორო განათლების ორგანიზაციისა (ORPHEUS – Organization for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System)
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლება წარმოებს ინგლისურ და ქართულ ენებზე მაღალკვალიფიციური პედაგოგების მიერ თანამედროვე ლიტერატურის, აუდიო, ვიდეო და სხვა ვიზუალური მასალების გამოყენებით. სტუდენტების განკარგულებაშია მდიდარი სამედიცინო ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ოთახები.